ლორენ შუბერტი-ჩემს ოცნებაში ის საქართველოში ცხოვრობს და გორის ”დილაში” თამაშობს.

Image

უკვე რამდენიმე წელია, რაც პროექტ ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უამრავი უცხოელი ჩამოდის. ინგლისური ენის მასწავლებლები თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებში ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიან. სწორედ ამ პროექტის წყალობით მოხვდა 27 წლის ლორენ შუბერტი ამერიკიდან საქართველოში და თან პირდაპირ გორის რაიონის სოფელ სათემოში. პროექტ ”ნიჭიერში” კი მეგობრების წყალობით აღმოჩნდა. ლორენის სიმღერამ და ცეკვამ ჟიური და დარბაზი განსაკუთრებულ ხასიათზე დააყენა და რაც მთავარია, მსახიობ მასწავლებელს პოპულარობა მოუტანა.

– წარმოშობით ამერიკიდან ვარ, კანზასიდან. კარგად მახსენდება ბავშვობის წლები, დიდ დროს ვატარებდი მეგობრებთან, ვუსმენდი მუსიკას. 16 წლის ასაკში მართვის მოწმობა ავიღე. მშობლები ცდილობდნენ, რომ სპორტით დავკავებულიყავი, ამერიკაში ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ არ მოვინდომე. შემდეგ, დედის თხოვნით, თეატრალურ წრეზე შევედი. შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. ერთ-ერთი სამსახიობო სკოლა დრამის მასწავლებელს ეძებდა და მე ამიყვანეს. მაშინ მივხვდი, რომ მასწავლებლობა ჩემი მოწოდება იყო.
– საქართველოში როგორ მოხვდით?
– ძალიან მომწონდა სწავლების პროცესი და თან მოგზაურობაც მინდოდა. კორეაში უნდა წავსულიყავი ინგლისურის მასწავლებლად. ამის გამო სამსახურიდან წამოვედი, მაგრამ ბოლო წუთში უარი მითხრეს, აღმოჩნდა, რომ აღარ ჰქონდათ ადგილი. ამის შემდეგ ინტერნეტში ვეძებდი მსგავს პროექტებს და ასე აღმოვაჩინე ქართული ანალოგიური პროექტი. საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. ცოტა ინფორმაცია მოვიძიე და ორ კვირაში უკვე თქვენს ქვეყანაში ვიყავი. ოჯახი ძალიან კარგად შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას. შარშან სტუმრად იყვნენ დედა და ბებია საქართველოში. ძალიან მოეწონათ და სიამოვნებით დაბრუნდებიან.
– ლორენ, რამდენი ხანია, რაც საქართველოში ცხოვრობთ?
– ორი წელი გახდება. პირველი წელი გორის რაიონის სოფელ სათემოში ვცხოვრობდი. ძალიან შემიყვარდა ჩემი მასპინძელი ოჯახი. ერთმანეთის ენა არ ვიცოდით და ძირითადად ჟესტებით ვსაუბრობდით. მაშინ ვისწავლე ცოტა ქართული. თავიდან გამიჭირდა, წლები ქალაქში ვცხოვრობდი და სოფელში ცოტა მოვიწყინე. ვცდილობდი, საკუთარი თავი გამეხალისებინა. ბავშვებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი და პატარა თეატრალურ წარმოდგენებს ვდგამდი.
– უკან დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
– იყო მომენტები, როცა დედა ძალიან მენატრებოდა, ამ დროს ჩემს მასპინძელ ქალბატონს ვეხუტებოდი. გარშემო არაჩვეულებრივი გარემო მქონდა, სანამ სახლამდე მივიდოდი, ყველა მეპატიჟებოდა. ქართული კერძები ძალიან მომწონს, ხინკალი და ხაჭაპური – განსაკუთრებით. სხვათა შორის, მომზადება თავადაც ვისწავლე. ძალიან მიყვარს ჭამა, ბევრს ვჭამ, მაგრამ ქართველები უფრო მეტს მაძალებენ.
– ქართველ მამაკაცებზე რა აზრის ხართ?
– კარგი მამაკაცები არიან, თუმცა მე მყავს ბოიფრენდი, რომელიც კენიაში საფეხბურთო გუნდში თამაშობს. ძალიან მინდოდა მისი ჩამოყვანა საქართველოში, მაგრამ ვიზაზე უარი უთხრეს, მოწყენილი ვიყავი და ამის გამო ვიტირე. დაოჯახებას ვგეგმავთ, მაგრამ მანამდე უნდა გავარკვიოთ, როგორ მოვახერხებთ ერთად ყოფნას. ჩემს ოცნებაში ის საქართველოში ცხოვრობს და გორის ”დილაში” თამაშობს.
– რამდენად ხშირად ახერხებთ მის ნახვას?
– ხშირად ვერ ვხვდებით. ბოლოს თებერვალში ვნახე. ის ჩემი პირველი ბოიფრენდია და ძალიან მიყვარს. კარგი ბიჭია.
– ”ნიჭიერში” როგორ მოხვდით?
– სოფელში ცხოვრებისას ინტერნეტი არ გვქონდა და საღამოობით მასპინძელი ოჯახისთვის ”ლორენ შოუს” ვაწყობდი. თვითონ ცეცხლთან ისხდნენ და მე ვმღეროდი და ვცეკვავდი. ჩემი ქართველი მეგობრების სურვილი იყო, რომ შოუში მიმეღო მონაწილეობა. მომღერალი არ ვარ, თორემ ”საქართველოს ვარსკვლავში” გამოვიდოდი. წელს შვებულების შემდეგ საქართველოში აგვისტოში დავბრუნდი. განაცხადის მიღება დამთავრებული იყო, მაგრამ მეგობრების დახმარებით აპლიკაცია შევავსე და გავგზავნე, დამირეკეს და შესარჩევი ტური უპრობლემოდ გავიარე.
– ნერვიულობდით სცენაზე გასვლის წინ?
– კი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნერვიულობა კარგია, რადგან ეს უფრო მეტ ენერგიას მაძლევს. ინგლისურად უნდა მემღერა და არ ვიცოდი, ამას ქართველები როგორ მიიღებდნენ, თან რთულია, როცა გაფასებენ და არ იცი, გადახვალ თუ არა შემდეგ ტურში. მეშინოდა იმ საშინელი ხმის, როდესაც უარყოფით ღილაკს აჭერენ და უარს გეუბნებიან.
– ლორენ, ბოიფრენდმა და მშობლებმა თუ ნახეს თქვენი გამოსვლა?
– რა თქმა უნდა, ონლაინრეჟიმში უყურებდნენ შოუს ამერიკაში. ძალიან უყვართ ჩემი წარმოდგენები.
– გამარჯვებისთვის იბრძვით?
– შეჯიბრებაზე არასოდეს არ უნდა წახვიდე, თუ გამარჯვებაზე არ ფიქრობ. მომწონს ხალხის ყურადღება. მინდა, ყველა ტურში განსხვავებული ხასიათის წარმოდგენა შევთავაზო მაყურებელს და ჩემი სამსახიობო ნიჭი ვაჩვენო.
– დასასრულ, თქვენი ოცნებების შესახებ მოგვიყევით.
– როდესაც იზრდები, ოცნებებიც იცვლება. ჩემი და ტელემსახიობია ლოს-ანჯელესში. მე მთელი ცხოვრება ”კომედი შოუს” მსახიობობაზე ვოცნებობდი. ახლა შეყვარებული ვარ და მინდა, დედა გავხდე, ჩემი ოჯახი მქონდეს და, რა თქმა უნდა, ბავშვებს ვასწავლო (იღიმის).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: