ბავშვური ოცნების დასასრული – გორის “დილა” იშლება!

Imageდიახ, დღევანდელი “დილას” დაშლა სავსებით რეალურია და რაც უნდა გვიმტკიცონ, ამაზე უკვე მთელი საფეხბურთო სამყარო და გორელი გულშემატკივრები ლაპარაკობენ. 

ცხადია, გუნდი არ გაქრება, ფუნქციონირებას გააგრძელებს, მაგრამ ეს იქნება არსებობა და არა ყოფა, დიდი მიზნებისთვის ბრძოლა კი წარსულს ჩაბარდება.

ამაზე მხოლოდ გარეშე ხალხი არ ლაპარაკობს. გუნდის კაპიტანმა დავით კვირკველიამსაჯაროდ თქვა, რომ 2 თვის ხელფასი არ აუღიათ. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ამბავი დაიმალებოდა, ძალიან ცდება.

ამ პრობლემას დამალვა კი არა, საჯარო განხილვა სჭირდება, თუ როგორ გადავარჩინოთ გუნდი, რომელიც 1949 წელს დაარსდა, მაგრამ პირველი ტიტული 2012 წელს მოიპოვა. 

დამოუკიდებლობის პერიოდში გორის “დილა” ძირითადად უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა და საშუალო შედეგებს აჩვენებდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა 2004 წელს ჰქონდა, როდესაც უმაღლესში მე-6 ადგილი დაიკავა და ინტერტოტოს თასზე ითამაშა. საქართველოს თასზე საუკეთესო შედეგი 1997-98 და 2003-04 წლებში აჩვენა, როდესაც გუნდი ნახევარფინალში გავიდა.

ეს იყო და ეს. დანარჩენი პერიოდი გუნდი სულ წვალებასა და გაურკვევლობაში იყო. 2008 წელს უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და უკან მხოლოდ 2010-11 წლების სეზონში დაბრუნდა.

ყველაფერი 2011 წლის შემოდგომაზე შეიცვალა: გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიყვანა, მამუკა ჯუღელმა რუსეთიდან და საქართველოს წამყვანი კლუბებიდან ცნობილი მოთამაშეები ჩამოიყვანა. შედეგად, “დილამ” ეროვნული ჩემპიონატი მე-5 პოზიციაზე დაასრულა, არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოს თასს დაეუფლა და ევროპის ლიგის პლეი ოფში მოხვდა. 

მიმდინარე ჩემპიონატში კი “დილა” პირველად იბრძოდა ჩემპიონობისთვის. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ხალხი საქართველოს ჩემპიონატს მიუბრუნდა. გუნდმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ინტრიგა შემატა და გორი საქართველოს საფეხბურთო მოვლენების ეპიცენტრში მოექცა.

მაგრამ ეს რომ განწირული ბრძოლა იყო, გამოცდილება გვასწავლის. “დილას” არც ფინანსური გარანტიები ჰქონდა და არც სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა განვითარებულიყო უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში. ეს იყო წინასაარჩევნო პროექტი, რაზეც მის განხორციელებამდე გორთან ახლოს მდებარე რესტორანში ქალაქის ფეხბურთის იმ წარმომადგენლებს აცნობეს, რომლებიც შემდეგ “დილაში” ან მის სისტემაში დაასაქმეს. ამ პროექტში ჯდებოდა გორში რამდენიმე მშენებლობა და პოლიტიკური პიარის როლი ეკისრებოდა.

ვერ ვიტყვით, რომ მაშინ “დილას” მომავალზე არ ფიქრობდნენ: ჩანაფიქრის მიხედვით, თავიდან გუნდს ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაცვის პოლიცია მიხედავდნენ, შემდეგ კი აღორძინებულ და ინფრასტრუქტურამოწესრიგებულ “დილას” კერძო ბიზნესს გადაულოცავდნენ, მაგრამ ეს ბავშვურ ოცნებას უფრო ჰგავდა, რადგან ბიზნესს ქართული ფეხბურთი არ აინტერესებს. 

კლუბის კულუარებში გვითხრეს, რომ 2012 წლის ზაფხულში “საქართველოს ბანკი” დოტაციური კლუბის გადაბარების პერსპექტივამ არ აღაფრთოვანა. ასეთი პირობებისთვის ხანგრძლივი სამოქმედო გეგმა არ არსებობდა და ცხოვრებამაც გამოაჩინა – თუ სასწაული არ მოხდა, ეს პროექტი დასასრულს უახლოვდება.

არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა და “დილაც” ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა: შსს-ში განაცხადეს, რომ სამინისტროს მიერ გუნდის დაფინანსება მიუღებელი იყო და “დილა” გორის მუნიციპალიტეტს გადააბარეს, მაგრამ რომელი რაიონია ისეთი მდიდარი, ძვირად ღირებული მოთამაშეები დააკმაყოფილოს და გუნდის შესანახად წლიურად მინიმუმ 6-7 მილიონი ლარი გამოყოს?

ასე მოხდა გორში და როგორც შევიტყვეთ, “დილაში” გაურკვევლობაა. არავინ იცის, ახალ სეზონში რა მოხდება, როგორი იქნება კლუბის მომავალი, ვინ იქნება დამფინანსებელი, მთავარი მწვრთნელი, რა კონტინგენტი დარჩება და საერთოდ, რა მიზნები ექნება “დილას”. 

ვფიქრობთ, ილუზიებით ცხოვრება და დაპირებები არავის არგებს, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა, – როგორც წესი, მსგავსი გაურკვევლობა გუნდის დაშლით მთავრდება. ახლა “დილაში” პერსპექტივა რომ არ ჩანს, კულუარებშიც იგრძნობა. მოთამაშეთა უმრავლესობამ ხელი ჩაიქნია, სპონსორი არ მოდისო და ახალ კლუბს ეძებს.

არადა, “დილამ” ევროთასების საგზური უკვე მოიპოვა და ამ გაურკვეველი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ ევროპის ლიგაზე გასული უფულო გუნდი ქვეყნის ისედაც შელახულ იმიჯს ვერაფერს შესძენს და პირველივე ეტაპიდან გამოვარდება.

იმედს კაცი არ მოუკლავს და იქნებ მოხდეს სასწაული და მორიგი ერთწლიანი პროექტი არ ჩაიფუშოს. საინტერესოდ გვეჩვენა ერთ-ერთი გულშემატკივრის პოზიცია: 

“გასაგებია, რომ სამინისტრო გუნდს არ უნდა აფინანსებდეს, მაგრამ, როცა ქვეყანაში სპორტის განვითარება გინდა და ინვესტორები ფულს არ დებენ, მაშინ ფეხბურთს თავად ხელისუფლებამ უნდა მიხედოს და ინვესტორს დაანახვოს, რომ ამ ქვეყანაში მაღალი დონის ჩემპიონატის პოტენციალი არის. მერე ბიზნესი რომელიმე გუნდის შესყიდვით თავად დაინტერესდება”.

ცხადია, სახელმწიფომ გუნდები თანაბრად უნდა დააფინანსოს – როდესაც ერთს 10 მილიონს ურიცხავ, მეორეს კი გერივით მხოლოდ მილიონს, აშკარა უსამართლობაა. მაგრამ ჯერ ისიც არ ჩანს, სახელმწიფო ამ საკითხის მოგვარებას როგორ აპირებს.

ახლა უფრო აქტუალური ხდება გორის “დილას” მენეჯერის, გია ისიანის პროექტი “ფეხბურთის განვითარების შესახებ”: სახელმწიფოს მხრიდან კლუბების დაფინანსება ათწლეულები ვერ გაგრძელდება, მაგრამ კლუბების მინიმუმ 2-3-წლიანი გარანტირებული საბიუჯეტო დაფინანსებით მათი საფუძვლები განმტკიცდება და იქნებ მართლაც მივიღოთ გამართული გუნდები და არა ერთწლიანი, არაპერსპექტიული წარმონაქმნები, სადაც არ არის განვითარების პროგრამა, მიზანი, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამა, ინფრასტრუქტურა და საერთოდ, არ აქვს მისთვის მორგებული სტრატეგია და არ იციან, ერთი წლის შემდეგ რა იქნება. 

აწყობილი ინფრასტრუქტურა და სტაბილურად მზარდი კლუბი ბიზნესისთვის დღევანდელზე უფრო მიმზიდველი გახდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: