“არც ისეთი დაბალი ვარ, როგორიც სერიალში ვჩანვარ”

სერიალ “შუა ქალაქში” ახალი სეზონიდან კიდევ ერთი ახალი მსახიობი შემოიყვანეს. გიორგი გაგლოევის პერსონაჟი, კახა პატარიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახლავთ. მისი ქვეშევრდომი, პაატა, მის სიმაღლეს ხშირად უსვამს ხაზს და მათი ურთიერთობაც ძირითადად სიმაღლე-სიდაბლეზე ხუმრობით შემოიფარგლება.

გიორგი ქართულ ტელესივრცეში გამოჩნდა სერიალიდან “გოგონა გარეუბნიდან”, იქ “მედიარის” ერთ-ერთ თანამშრომელს, მიამიტ ზურიკოსგან ასახიერებდა, რომელიც გოგონებთან არშიყობის ფონზე ხშირად უცნაურ და უხერხულ სიტუაციებში ვარდებოდა.

– სერიალ “გოგონა გარეუბნიდან” გაგიცანით, ალბათ გული გწყდება, ეს სერიალი რომ დაიხურა.
– რა თქმა უნდა. ჩემი პირველი ტელესერიალი იყო, ამ სერიალთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. მართალი გითხრა, ჩემი გმირი ზურიკო მენატრება კიდეც. 

– “შუა ქალაქში” როგორ მოხ­­ვდი?
– სერიალის პროდიუსერმა დამირეკა, მითხრა, ვაკანსიაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, კახა პატარიძის, როლზე და შენისთანა ბრგე თუ ითამაშებს ამ როლს, სხვა ვერავინო (იცინის). წინა სერიალიდან გამომდინარე, ასე თუ ისე, ვიცნობდი “სტაფს”, ასე რომ, ურთიერთობები კარგად ავაწყვეთ. 

– შენს გმირთან მის ქვეშევრდ­ომ პაატას აგდებული დამოკიდებულება აქვს, ხშირად დასცინის სიმაღლის გამო…
– და საყვედურებსაც იღებს, უბრალოდ, ჩემს გმირს პაატასთან პირადი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვს, უყვარს და არ უნდა, სამსახურიდან დაითხოვოს.

– პაატაც გიყვარს? მე მეგონა, თეკლა გიყვარდა…
– აბა, ახლა (იცინის)! ასეთ კითხვებს არ ვართ. პაატა მიყვარს, როგორც წესიერი თანამშრომელი. საერთოდ, ჩვენს სამინისტროში ყველაფერი ხუთიანზეა.

– გვარიც როგორ გიხდება, პატარიძე…
– რა თქმა უნდა, ოღონდ გმირს უხდება, მე ხომ ასეთი დაბალი არ ვარ.

– ხშირად ხუმრობ საკუთარ სიმაღლეზე?
– პირველ რიგში მე ვკაიფობ ხოლმე საკუთარ თავზე. ისე, არც ისე დაბალი ვარ, როგორც სერიალში ვჩანვარ (იცინის).

– მაინც რამდენი ხარ სიმაღლეში?
– მეტრი და… სანტიმეტრებს არ ვასახელებ.

– თეკლა არის შენი სუსტი წერ­ტილი სერიალში, ამით მანიპულირებს პაატა. როგორ მოგხიბლა ამ გოგონამ?
– დღემდე მაგის ძიებაში ვარ. ალბათ მისმა სინარნარემ, გამოხედვამ, სიმაღლემ მომხიბლა.

– გიორგის როგორი გოგონები მოსწონს?
– ლამაზები და ცოტა ჭკვიანები.

– და მაღლები?
– ვინც მომწონდა, თითქმის ყველა ჩემ სიმაღლე ან ოდნავ მაღალი იყო.

– ცოტა ჭკვიანი გოგონები რას ნიშნავს?
– ცერცეტა რომ არ არის, იმას. ძალიან ჭკვიანი ქალი ცოტა საშიშია. ისე, ქალი ჭკვიანი უნდა იყოს. მე არ მივეკუთვნები იმ კაცების კატეგორიას, სულელი ქალები რომ იზიდავთ.

– ახლა შეყვარებული ხარ?

– კი.

– ისევ ის გოგონაა, შენზე ათი წლით უფროსი, წინა ინტერვიუში რომ მიყვებოდი?
– შეყვარებული ვარ და აქ დავამთავროთ. ვინ არის, რა პროფესიის, რა ასაკის, არ გვინდა.

– სერიალს დავუბრუნდეთ, პაატას მსგავსი ტიპის ადამიანებთან თუ გქონია შეხება ცხოვრებაში?
– არა, რას ამბობ! ვერც მექნებოდა. ასე არავის დავისვამდი თავზე (იცინის).

– გიორგი, შენი მსუნაგობის ამბავი გავიგე. ამბობენ, რეკვიზიტებში ნამცხვარი ან სხვა სასუსნავი თუ არის, ერთი სული აქვს, როდის დამთავრდება სცენა, რომ ხელი დაავლოსო…
– (იცინის) არა, ჭორებს მივრცელებენ ჩემი “კეთილისმსურველნი”. რეკვიზიტი როგორ უნდა შევჭამო? ნუ ახლა, თუ საჭმელია, ხომ არ გავაფუჭებთ?!

– მარტო მიირთმევ თუ ლაშასთან ერთად?

– დასწრებაზეა მანდ ძირითადად (იცინის).

– სერიალში კალათბურთის თა­მაშიც სცადე, ცხოვრებაში თუ გიცდია?
– კი, “ენ-ბი-ეი”-ში ვთამაშობდი 2 წელიწადი. მერე ტრავმა მივიღე მუხლზე და თავი დავანებე. მას შემდეგ ჩამოვშორდი აქტიურ სპორტს (იცინის).

– უფრო სერიოზულად რომ მიპასუხო…
– ჩოგბურთი მიყვარს, მაგრამ არასდროს მივლია, ყურება მიყვარს.

– მოზარდ მაყურებელთა თეა­ტრშიც თამაშობ, როგორც ვიცი…
– ჰო, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთ ახალ სპექტაკლში არ ვარ დაკავებული. ვითამაშე “მაკნატუნაში”, რომელიც ამ თეატრის სცენაზე დაიდგა.

ნინო მჭედლიშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: