როგორ დაეტიოს ბედნიერება ’’ქოხში’’

Image

დანიელმა მხატვარმა ჰერლუფ ბიდსტრუპმა XX საუკუნის 50-იან წლებში იმდროინდელ რეალობაზე შექმნილი კომიქსებითა და შარჟებით გაითქვა სახელი. დანიური საზოგადოება იმ დროს სხვადასხვაგვარ კრიზისს განიცდიდა, ერთერთი ყველაზე მძიმე პრობლემა – ახალგაზრდა ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა იყო. ნახატებში ხედავ, როგორ მკვიდრდებიან პაწაწა ოთახში მოსიყვარულე წყვილები, როგორ შეემატებათ ერთ-ორი შვილი და მერე იმათი შვილები. ძალიან მალე მოდის დრო, როცა მაცხოვრებლების რაოდენობა კვადრატული მეტრების რაოდენობას აჭარბებს. კომიქსებზე ეს ყველაფერი სასაცილოა და იცინიან კიდეც… 

მას შემდეგ დრო გავიდა. დანიამ, სხვათა შორის, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულმა ქვეყანამ, იპოთეკაც აითვისა, ოთახის ფასები და შემოსავლებიც გააწონასწორა და დიდიხანია, ვიწროდმოსახლე ნათესავებიც ცალკე ბინებში ჩაასახლა. 

სამწუხაროდ, ასეთი ბედნიერება კარს არ მოგვდგომია და საკუთარ ხარჯზე ცალკე ბინის შეძენის “სურვილი და საშუალება” მოსახლეობის მცირე პროცენტის ბიუჯეტში თუ ემთხვევა ერთმანეთს. კვადრატულ მეტრზე ფასი იმხელაა, რომ ჩვეულებრივი ხელფასი ვერ წვდება, იპოთეკაც ვერ ამუშავდა ისე, როგორც სასურველია, ამას ბევრი სხვა ფაქტორიც დაუმატეთ ახლო თუ არცისე ახლო წარსულიდან და შედეგი? – ბიდსტრუპის ერთი დიდი კომიქსი.

როცა სახლი დიდია და ვრცელი, რა სჯობს ერთად ყოფნას, მაგრამ… სადაა ფართო და გაშლილი ოთახები. როგორ უნდა გაიყონ ოჯახის წევრებმა ეს პატარა სივცე:

რატომაა ასე რთული… 
ახალგამომცხვარ მეუღლეებსაც კი რაღაც გაუგებრობები აქვთ ხოლმე: სხვა ხასიათს უნდა შეეწყო, ყოფითი პრობლემების მისეული ხედვა უნდა მიიღო, ერთმანეთის უცნაურ ჩვევებს შეეჩვიო. 

თამაშში ასაკით განპირობებული მსოფმხედველობის სხვაობაც ერთვება. “მამები და შვილები”, ასე ვთქვათ, თაობათა კონფლიქტი. ცნობილია სიძისა და სიდედრის, რძლისა და დედამთილის ურთიერთობებში პრობლემები, ამას მერე ემატება: მული, მაზლი, ქვისლი, შილი. ესენი ცოტა ჩრდილში რჩებიან, მაგრამ თავისი როლები მაინც აქვთ. 

უთანხმოების მიზეზი ათასნაირია. ქმრის მშობლების დედობრივი და მამობრივი სიყვარულის მოლოდინი, მერე იმედგაცრუება და უიამოვნება. გაღიზიანების გადმოფრქვევა მეუღლის მშობელთან კონფლიქტში. შილის პრეტენზია, იყოს ოჯახის მთავარი პერსონა, მშობლების ჩარევა ზრდასრული შვილების პირად ცხოვრებასა და შვილიშვილების აღზრდაში, ქალური ეჭვიანობა დედამთილსა და რძალს შორის, სიდედრის დაუსაბუთებელი ბრალდებები, თითქოს სიძე შვილს უჩაგრავს და ბევრი სხვა.

როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახის წევრები, რომ შეძლებისდაგვარად შეარბილონ სიტუაცია და სახლი საგიჟეთად არ გადააქციონ? 

ეს ძალიან დიდი ჯაფაა, რომელიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრების პირველივე დღიდან უნდა დაიწყოს. ფესვგამდგარი კონფლიქტები, როგორც წესი, მოუგვარებელი რჩება და მრავალწლიან და თბილი ოჯახური კერისთვის საბედისწერო უთანხმოებას თესავს.

მნიშვნელოვანი წვრილმანები
მშვიდობიანი თანაარსებობის მთავარი პირობა კომპრომისებისთვის მზადყოფნა, დათმობის უნარია, თანაც ოჯახის ყველა წევრის. ეს უფრო დიდისა და მნიშვნელოვანის შესანარჩუნებლად რაღაც მცირედისთვის თვალის არიდებას ნიშნავს. 

მაგალითად, დედამთილს შეუძლია, თავი შეიკავოს და შენიშვნა არ მისცეს რძალს სამზარეულოში კარგახნით დატოვებული ჭურჭლის გამო. თავის მხრივ, რძალსაც შეუძლია, საერთო ტერიტორიაზე დედამთილის გამაღიზიანებელი საგნები არ მიატოვოს. 

იქნებ ხანდაზმულმა მშობლებმა ახალგაზრდა წყვილის რეჟიმზე, მათი ოთახების “უწესრიგობასა” და “არასწორ” კვებაზეც დახუჭონ თვალი. შვილი უკვე ბავშვი აღარააა და აღარც შეიძლება მისი ბავშვად აღქმა – გაიზარდა და საკუთარი ოჯახი აქვს! 

ძალიან გონივრულია კომუნალურ მომსახურებაზე ხარჯების გადანაწილება, ურიგო არ იქნება პროდუქტებზე დანახარჯის დათვლა. ეს, ერთი შეხედვით, უსიამოვნო და ზედმეტად პრაგმატული ქმედება, მოგვიანებით წყენას და კონფლიქტს აარიდებს ოჯახის წევრებს და არავინ იტყვის: “ჩვენ ვყიდულობთ და ისინი ჭამენო”. 

საუკეთესო შემთხვევაში, ოჯახის ყველა წევრმა მეორის ცხოვრების წესი, მისი სურვილები და აუცილებელი მოთხოვნები უნდა იცოდეს, ზოგს ჩვევა აქვს უცნაური, რომელსაც ვერ გაითვალისწინებ, ზოგს უცნაური სურვილი. უნდა გაირკვეს, რა დრომდე შეიძლება სახლში ხმაური – ხმამაღალი მუსიკა, მყვირალი ტელევიზორი, სტუმრები და ა.შ. ეს ყველაფერი დამღლელი, არარეალური და ვითომდა თავმოყვარეობის შემლახველი ჩანს, მაგრამ საბოლოოდ მნიშვნელოვანი შენატანია, თუნდაც სივიწროვეში, თუნდაც მრავალრიცხოვანი ოჯახის სიმშვიდის მისაღებად.

მოთმინება და მორიდება
პრინციპები მშვენიერი რამეა, მაგრამ რა იქნება, რომ დაივიწყოთ ეს პრინციპები, თუ სრულიად ნორჩმა რძალმა ჯერ საჭმლის მომზადება კარგად არ იცის და ახლა იდგამს ფეხს ამ საქმეში. ვთქვათ, ხანდაზმულ დედამთილს სუსტი მხედველობა აქვს, გადაწმინდა მაგიდა, მაგრამ შენთვის სულაც არაა გაწმენდილი, ნამცეცებია და ა.შ. აგერ მამამთილსაც “უძველესი მორთულობა” შეურჩევია და სულ ასე დადის სახლში…

გასათვალისწინებელია ყველასთვის: ახალგაზრდა კიდევ ისწავლის თავის დროზე ბევრ რამეს, მაგრამ ხანშიშესული ადამიანი მოცემუ,ობაა, რომელსც უნდა შეეგუო და შეურიგდე, არავის თავიდან აღზრდა საჭირო არაა. 

მაგრამ თუ არაფერი გამოდის, და მღელვარებამ, მწვერვალს მიაღწია, თუ ნერვები ყველას დაწყეტაზე აქვს დ აიმ ზღვარამდეა მნისული, როცა ახლობელი უცხო ხდება, ასეთ “ერთიან ოჯახს”, საყვარელ მშობლიურ სახლში მტრობას, დამოუკიდებლად, ცალკე ცხოვრება სჯობს,თუნდაც საერთო საცხოვრებელში, გარეუბანში, დაქირავებულ თუ დაგირავებულ ბინაში. 

საერთოდ, ბევრი და მრავალგვარი პირობა უნდა გადაეჯაჭვოს იმისთვის, რომ სახლი ყველასთვის სახლი იყოს, რომ სითბო, სიმშვიდე და სიამ-ტკბილობა გაბატონდეს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა – სიყვარულია. ნამდვილი სიყვარული: ყოვლისმიმტევებელი, გამაკეთილშობილებელი, ცხოვრებას უმაღლეს აზრს რომ აძლევს. მაგრამ თუ სიყვარულმა ამბიციებისა და ეგოიზმის წიაღში გზა ვერაფრით გაიკვლია, იქ ოჯახი არც დიდი აშენდება და არც პატარა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: