ნინი შერმადინი: “ყველაზე არავაჟკაცური ტიპი საქართველოში ყველაზე ვაჟკაც ამერიკელს სჯობია”

Imageწინა კვირას 2 კვირით თბილისს მომღერალი ნინი შერმადინი დაუბრუნდა. ჩამოსვლის მიზეზი ის საბუთები გახდა, რომლებსაც “ბროდვეიზე” სპექტაკლებში მისი მონაწილეობისთვის ითხოვენ. სხვა მიზეზებიც არსებობდა, რამაც ნინის ბილეთები გადააცვლევინა და საქართველოში დაბრუნება დააჩქარებინა. ამ მიზეზებსა და ამერიკულ ცხოვრებაზე ნინი თავად გიამბობთ. 

–  დროებით, ორი კვირით ვარ ჩამოსული. ჩამოსვლის არაერთი მიზეზი მქონდა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ საბუთები უნდა შევაგროვო ამერიკისთვის, ის, რაც ბროდვეის თეატრში მთხოვეს. გარდა ამისა, გამომიჩნდა დრო, ჩემები მენახა. ძალიან მომენატრა ყველა, განსაკუთრებით შვილი. ბროდვეის რაც შეეხება, პროცესი ძალიან მალე უნდა დაიწყოს.

–  პროცესში რა იგულისხმება?
–  2 თვ­ეში სამუშ­აო უფლება უნდა ავიღო. პარალელურად ვაგრძელებ სწავლას. მასტერკლასები მაქვს ბობ ვლ­­­­აინთან. იქ თვე-ნახ­ევრის მეცადინეობით სცენაზე ვერ დადგები. იმდენად მაგარ პროფესიონალებს ეჯახები, თვითონ შეგრცხვება. უნდა ისწავლო, მოემზადო და როგორც კი შეგამჩნევენ, რომ მზად ხარ, თვითონ დაგაყენებენ სცენაზე, ყოველგვარი გულისტკენის გარეშე. იქ ჯანსაღი კონკურენციაა. ვსწავლობ ბრიტანულ და ამერიკულ მეტყველებას, მსახიობობას, სიმღერას. ლექციები გვიტარდება მიუზიკლის ისტორიაზე. თითო ლექცია 3-საათიანია და კვირაში ერთხელ ტარდება. პირველ მასტერკლასზე ვერ ხვდებიან რა შეგიძლია, რომელი როლისთვის უნდა მოგამზადონ. თუ არ ვარგიხარ ბროდვეისთვის, მაგასაც გეუბნებიან, არ დაგინდობენ. გეტყვიან, არ ვარგიხარ ბროდვეისთვის, მაგრამ იქნებ, კლუბში ან ბარში გეცადა ბედიო. ეს რჩევა უნდა გაითვალისწინო იმიტომ, რომ იქ დაცინვა ან გზის აბნევა არ არსებობს. ჩაწყობა ხომ საერთოდ გამორიცხულია.

–  ასე ადვილად ბროდვეიზე მოხვედრა წარმოგედგინა, როცა საქართველოდან მიდიოდი?
–  ადვილი ნამდვილად არ არის. შორიდან ადვილი ჩანს. მე ხშირად მეუბნებიან იქ, არ გაქვს უფლება, რაიმე დაიწუწუნო, აქ ადამიანები ნახევარ ცხოვრებას ანდომებენ იმას, რაც შენ სამ თვეში გააკეთეო. მე არაფერი გამიკეთებია, ეს უფლის ნება იყო, რომ ყოველგვარი გულისტკენის, შეურაცხყოფებისა თუ სირთულეების გარეშე “გავძვერი”.

  ბევრისგან მსმენია შეკითხვა, ვინ ჰყავს შერმადინს ასეთი ამერიკაში, ყველას ხომ არ შეუძლია, ბროდვეიზე იმღეროს?
–  ყველას შეუძლია სცადოს. ღმერთი მყავს ამერიკაშიც, საქართველოშიც და ყველგან, სადაც წავალ. უბრალოდ, როცა უცხო ქვეყანაში ჩავდივარ, ირგვლივ ვიკრებ ძალიან კარგ, სანდო და დასაყრდნობ მეგობრებს. ერთ-ერთი არის სოსო თოლორაია, რომელიც ძმასავით დამიდგა გვერდით, მისი მეუღლე, სოფო. აღმოვაჩინე ჩემი მეგობრები ზურა და ნინო, რომლებსაც საბერძნეთიდან ვიცნობ. ახლა ბრუკლინში ცხოვრობენ და მათთან გადავედი საცხოვრებლად. ეს ადამიანები კარიერულ წინსვლაში ვერ დამეხმარებოდნენ, რადგან არანაირი შეხება არ აქვთ ბროდვეის თეატრთან. ისინი გვერდით მიდგანან მორალურად, ფინანსურად და მადლიერი ვარ მათი. მართალი გითხრა, ჩემთვისაც ძნელად წარმოსადგენია, რომ არავინ გყავდეს და ასე “გაძვრე”, “ჯიფსი კინგსთან” მიხვიდე ახლოს, მასთან ერთად იმღერო. მისი გიტარისტი დაინტერესდეს შენით და საკუთარი სიმღერების შესრულება შემოგთავაზოს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, თითქოს ამაში გასაოცარი არაფერია და იმავდროულად არარეალურია, რაც ჩემს თავს ხდება. ამერიკის მოქალაქეობა მჭირდება იმისთვის, რომ თუნდაც გავხსნა ბანკის ანგარიში, ავიღო მართვის მოწმობა. ჩვენ, ტურისტებს, იმის უფლებაც არ გვაქვს, რომ 
საავადმყოფოში მივიდეთ, თუ რამ ამტკივდა, საქართველოში დაბრუნება მომიწევს. საბედნიეროდ, ჯერ არ დამჭირვებია ექიმი…

საქართველოში დაბრუნების არაერთი მიზეზი მქონდაო, მითხარი. კიდევ რას გულისხმობდი?
–  ერთ-ერთი მიზეზი ჩემი მეგობარი, ჩემი ჯგუფელი გიორგი ყორღანაშვილია, რომელიც არის უნიჭიერესი მსახიობი და რომელსაც დახმარება სჭირდება. ამერიკაში შევიტყვე მისი ავადმყოფობის შესახებ და მაშინვე გადავცვალე ბილეთი, რომ გვერდით დავუდგე, მარტის ბოლოს ვაპირებდი ჩამოსვლას. გიორგის ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება. მზად ვარ, სანამ საქართველოს დავტოვებ, რამდენიმე სოლოკონცერტი გავმართო, მთავარია, კონცერტის ორგანიზება ითავოს ვინმემ და შემოსული თანხა მის ანგარიშზე გადავრიცხო. მე სიმღერა ვიცი მხოლოდ, სხვა არაფერი შემიძლია.

–  ალბათ ამერიკაში ახალი მეგობრები გაიჩინე. რა გაკვირვებს ყველაზე მეტად მათ ხასიათში?
–  იუმორი. ისეთი იუმორი აქვთ, რომ ვერ მიხვდები, რა დროს უნდა გაგეცინოს. თვითონ გკარნახობენ, როდის არის კულმინაცია და როდის უნდა გაიცინო. თვითონ იწყებენ სიცილს და ამით ხვდები, რომ დროა, გაიცინო (იცინის). თავიდან შოკში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა მექნა, იმიტომ რომ შეიძლება, ისეთ დროს გაიცინო, რომ ეს მათთვის ტრაგიკულია და პირიქით შეცხადებაა საჭირო. მოკლედ, ამერიკელების იუმორში ვიყავი დაკარგული. ბოლოს მხოლოდ მუღამი კი არ გავიგე, თვითონაც მასე დავიწყე ხუმრობა. მერე ქართველებს რომ ვეხუმრებოდი მათი სტილით, გაოგნებულები მიყურებდნენ, ეს რა დამართვია შენს იუმორსო. 

–  ამერიკელებს რა უკვირთ შენში?
–  ის, როგორ შემიძლია, სულ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ვიარო. მათთვის წარმოუდგენელია, სულ პომადა გესვას, სულ გაპრანჭული დადიოდე, თვითონ სულ სპორტულად დადიან, ჩანთაში უდევთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, გამოსასვლელი კაბა და თუ საჭირო გახდა, ტუალეტში იცვლიან. ამისთვის ორი ჩანთა დააქვთ. სად შემიძლია ორი ჩანთით ვიარო, მირჩევნია, სულ მზად ვიყო და ამაზე გიჟდებიან, ძალიან კომუნიკაბელურები არიან, არ ენანებათ კომპლიმენტები ერთმანეთისთვის და არასდროს იტყუებიან. ზრდილობისთვის ქათინაურს არ გეტყვიან.

–  უამბე უკვე ქართული ტრადი­ციების შესახებ?
–  რა თქმა უნდა. “ქართლის ცხოვრება” ვასწავლე თავიდან ბოლომდე (იცინის).

–  იქაურ კერძებს მიეჩვიე?
–  როგორც შენ გაგისინჯავს იქაური სამზარეულო, ისე მე (იცინის). გადასული ვარ ჩინურ საკვებზე. დიეტურ პროდუქტებს გეახლებით. ზღვის პროდუქტებსა და სალათის ფოთლებს, მამაჩემი დამცინის ხოლმე, წესიერი არაფერი ჭამო და გველ-ბაყაყით ამოივსე მუცელიო (იცინის). რა გავაკეთო, ყველაფერი ამერიკული ასუქებს, არა, კი არ ასუქებს, ასივებს. არაჯანსაღი საკვები აქვთ ქიმიური დანამატებით და გაურკვეველი ჰორმონებით. იქაურ სატრენაჟორო დარბაზში რომ მიდიხარ, თვითონ გირჩევენ, რომ არ ჭამო იქაური კერძები, პური, შაქარი, მარილი. არ მიიღო გაზიანი სასმელი. ერთი სიტყვით, ვბალახობ ამერიკაში. ვვარჯიშობ და ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე მანამდე ვიყავი. ამასობაში 7 კილოგრამიც დავიკელი. 

–  არ მითხრა ახლა, რომ ხინკალი არ მოგენატრა…
–  როგორ არ მომენატრა. ამ თემაზე ამერიკულად ვეხუმრე კიდეც იქ ქართველ მეგობრებს. ვიყავი საბავშვო ფილმის პრეზენტაციაზე, სადაც მთავარ როლს ცუცა კაპანაძე თამაშობს. ნოსტალგიური ფილმია – “ფანჯრიდან დანახული გაზაფხული”. ქართული ქორეოგრაფია, ქართული რითმებიც იყო ფილმში და გული ამიჩუყდა. ჩემს მეგობარს გადავულაპარაკე, რომ ჩავალ თბილისში, რესტორანში უნდა წავიდე და ერთი კარგად ვიცეკვო-მეთქი. რომ წარმოვიდგინე, კაი პურისმჭამელი კაცივით ტრაპიდანვე პირდაპირ რესტორანში წავიდოდი, თვითონვე გავიცინე ამერიკულად. არავინ არ გაიცინა. ხომ ხედავ, შენც არ გეცინება. ცუდადაა ჩემი იუმორის საქმე უკვე (იცინის).

Image  იქაურ კლიმატსაც მიეჩვიე?
–  გამიძნელდა ძალიან. მინუს 18-20 გრადუსი იყო ყინვა. გამოპრანჭული ვერ დადიხარ ქუჩაში. მუხლამდე დუტის ქურთუკი უნდა გეცვას, თბილი უგები, ქუდი და შარფი. ერთხელ უქუდოდ გავედი გარეთ და ვიგრძენი, როგორ გამეხვრიტა შუბლი ყინვისგან.

–  ალკოჰოლთან რა დამოკიდებულება აქვთ ამერიკელებს?
–  შაბათ-კვირას მეგობრობენ. მე ვერც შაბათ-კვირას დავუმეგობრდი ალკოჰოლს. იქაურები უცხოპლანეტელს მეძახიან. არ ვსვამ, არ ვეწევი, არც რამე მოსადუნებელ საშუალებას ვიღებ და ისე ვარ “ხოდზე”. ახალი წლის ღამეს დიდი კონცერტი გვქონდა. მშვენიერ ხასიათზე ვარ, დავფრინავ, ბედნიერი ვარ ყველაფრით. 8 საათი სცენაზე ვიდექი, ჩამოვედი სცენიდან, მომიახლოვდა ერთი ბიჭი და მეკითხება, რა ნარკოტიკს ხმარობო (იცინის). იქნებ გამიმხილო, მეც მინდაო. რა სამწუხაროა, რომ ვერ გეხმარები-მეთქი, ვუთხარი. ბოლოს მეგობრებთან მლანძღავდა, ბოროტია, არ გამიმხილა რას სვამს, მე ხომ ვეტყოდი, რა შურიანია, რას ნიშნავს, რომ ჩვენიანი არ არისო (იცინის).

–  უკან დასაბრუნებელი ბილეთი უკვე აიღე?
–  კი. 30-ში სოლოკონცერტი მაქვს ფილადელფიაში ქართველებისა და რუსებისთვის. ამ დროისთვის იქ უნდა ვიყო. ხომ ხედავთ, მე იქ ვაგვარებ რუსულ-ქართულ ურთიერთობას, ამერიკულ-ქართულსაც. გეუბნები, ამერიკელებს ვასწავლე “ქართლის ცხოვრება”. თუკი ვინმე მკითხავს საიდან ხარო, ვიწყებ, რამდენი საუკუნის ისტორია გვაქვს, რომ თოთხმეტი ორიგინალი ანბანიდან ერთ-ერთი არის ქართული, რომ ჩვენი დამწერლობა გვაქვს, ჩვენი ენა, რომ მართლმადიდებლები ვართ და რომ ქრისტიანი ორთოდოქსები ცხოვრობენ საქართველოში, როგორებიც არიან ბერძნები და რუსები. ერთი სიტყვით, გაზეპირებული მაქვს ეს ტექსტი ლექსივით. პირჯვრის წერას ვასწავლი იქ ჩამოსულ ებრაელებს. ისინი ექვს ადგილას იდებენ ხელს. ამის გამო შეიძლება, ერთხელ კოცონზე დამწვან (იცინის). სადამდეც გამდის, გამდის. მეტროს ვაგონში ცოტა უცნაური შესახედაობის ებრაელები რომ სხედან, თავიანთი წიგნი დააქვთ, გარკვეული საათები აქვთ, რომლის დროსაც აუცილებლად ხმამაღლა უნდა ილოცონ. ეს საათი რომ დაუდგებათ, იღებენ წიგნს, სადაც უნდა იყვნენ და იწყებენ რაც შეიძლება ხმამაღლა კითხვას. რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, ჩვენ ადამიანებად არ აღგვიქვამენ. თავიანთი მაღაზიები აქვთ, თავიანთი პოლიცია და სასწრაფო დახმარება ჰყავთ. თავიანთი საჭმელი აქვთ. ჩემთან ერთად საჭმელს არ შეჭამენ იმიტომ, რომ ძაღლი ვარ მათთვის. ეს დამოკიდებულება მაცოფებს. მოკლედ, ამოიღებენ ამ თავის წიგნს ვაგონში და “მირტყამენ” თავში. დიდხანს ვერ მოვითმინე, უკვე ჩემი ლოცვანით დავდივარ. ერთი დღეც არის, უკვე ყელშია ამოსული მათი პარპაში. ვზივარ ვაგონში და წინ ეს “სასტავი” მიზის, ყელზე ჩამოკიდებული ჯვარი გავისწორე, მამისმკვლელი თვალებით ვუყურებ. ამოიღო ერთ-ერთმა თავისი წიგნი, გადაშალა და დაიწყო. მეც გავხსენი ჩემი ხელჩანთა, ამოვიღე ლოცვანი და ხმამაღლა დავიწყე – “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ! წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ”. თან ნელ-ნელა ვუმატებ ხმას და თვალებში ვუყურებ ამ “მომხდურთ” (იცინის). პირველივე შემდეგ გაჩერებაზე თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ. 

–  ამერიკელ მამაკაცებზე რას იტყვი?
–  არაფრით ჰგვანან ქართველ ბიჭებს, არც ვიზუალურად, არც მენტალიტეტით, არაფრით, რაც მე არ მხიბლავს. მგონია, რომ ყველაზე მაგარი კაცები ქართველები არიან, ვიღაცის გულის მოსაგებად არ ვამბობ ამას. გულწრფელი ვარ. ყველაზე არავაჟკაცური ტიპი საქართველოში ყველაზე ვაჟკაც ამერიკელს სჯობია.

Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: