ვინ არის მიშა ანდღულაძის პოპულარული გმირის პროტოტიპი

Image

მიშა ანდღულაძის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პერსონაჟებიდან ბოლო დროს ყველაზე პოპულარული და გამორჩეული პრომოგოგონა მარეხ თოდუა და სერიალის გმირი ქალბატონი ანხელა ჩუსტია. პრომოგოგონას მიერ ნათქვამი ფრაზები ხალხმა უკვე აიტაცა. მიშას ამჯერად ახალ პერსონაჟებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ.

– იქიდან გამომდინარე, რომ მეტროთი და სამარშრუტო ტაქსით არ ვმგზავრობთ, ხშირად გვაკლია სოციალური პერსონაჟები, ამიტომ რადიოს ვუსმენ, ძირითადად ინტერაქტივზე აგებულ გადაცემებს. ჩემი ერთ-ერთი გმირია როსტომ სამხარაძე, ყველაფრით და ყველა მთავრობით უკმაყოფილო და ასეთი ადამიანი ნამდვილად არსებობს. ყოველდღე 10-ს რომ 10 წუთი აკლია ერთ-ერთ რადიოში რეკავს და ჩხუბობს. ყოველდღე ველოდები, ვიცი, რომ აუცილებლად დარეკავს და სიამოვნებას მივიღებ. წინა ღამეს ტექსტს ამზადებს და ყოველ მეორე დილას ქვეყნის მოწყობის ახალ გეგმას დებს. ამ ადამიანის შემდეგ კიდევ ერთი ტიპი რეკავს ხოლმე, ოღონდ ის ცოტა აგრესიულია და ყველა გამოსვლას ლანძღვით ამთავრებს, “პრასტიტუტკები”, – დაიყვირებს და ტელეფონს თიშავს. გადაცემის წამყვანი ნიკო ნერგაძე ყოველ დარეკვაზე ეუბნება, მადლობა, მაგრამ იქნებ ცოტა კორექტულად ისაუბროთო, რაზეც ბრაზდება და ამბობს, თქვენ მაბრალებთ, რომ ვილანძღები, მაგრამ ამათი “პრასტიტუტკობა” ყელში ამოვიდაო, ლანძღვას იწყებს და უთიშავენ. ერთი სიამოვნებაა მისი მოსმენა. ეგ კაცი მაჩვენა ლაივში, მეტი არაფერი მინდა

პრომოგოგონა მარეხ თოდუაზე მოგვიყევი…
– ეს პერსონაჟი ჩვენს ყოფილ თანამშრომელს მივუძღვენი. ოღონდ არაფერს ვაჭარბებ, ზუსტად გადავიღე ხმა, ქცევა, სიარული. მეტს აღარ ვიტყვი, შეიძლება მიხვდეს და ეწყინოს. ერთ-ერთ სკეტჩში კედელზე ყირაზე რომ დავდექი, ეგეც არ მომიგონებია, მართლა ასე მოხდა. ერთი გოგონა მუშაობს “მაკდონალდსში”, რომელიც ასევე ამ ტიპისაა. მონოტონურად იძახის, “სალარო თავისუფალიაა, მობრძანდიით”. ერთი ნოტი აქვს ხმაში და არ ცვლის. თავაზიანობით გამოირჩევა, არ იღლება, გეუბნება, “ავიღე ასი ლარი და დაგიბრუნეთ 56 ლარი და 30 თეთრი”, – იღიმის, მაგრამ თან ეტყობა, რომ ძალიან უბედურია. მარეხ თოდუას გმირი ამ ორი ადამიანის ნაზავია.

– ამ პერსონაჟის შექმნის იდეა შენ გეკუთვნის?
– კი. ხანდახან, როცა ვხვდებით, რომ სკეტჩი კარგი არ გამოვიდა, ვცდილობთ, ძალიან კარგად ვითამაშოთ და იმპროვიზაციაზე ავაგოთ. ბიჭები მეუბნებოდნენ, რომ პრომოგოგონას გმირი შეგვექმნა და ამ დროს ვიფიქრე, რომ ეს პერსონაჟებიც ჩამერთო და უფრო მრავალფეროვანი გამეხადა.

– ვიზუალზე თავად იზრუნე?
– კი, მაგრამ გული მწყდება, რომ თმა არ მაქვს, თორემ ჩემს თმას გამოვიყენებდი. სანამ გამეზრდება, პარიკით ვიქნები და შემდეგ ვნახოთ. დიდ მაღაზიებში ვეღარ შევსულვარ მაგის გამო, ყველას ეღიმება (იცინის).

– არ მგონია, პრომოგოგონები ზურგზე ვინმეს ახტებოდნენ…
– ეგ კედელზე აყუდების განვრცობაა. შესაძლებელია მასეც მოხდეს. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, თუ ამხელა პოპულარობა მოჰყვებოდა, ალბათ ბევრისთვის ნაცნობი აღმოჩნდა.

– პრომოგოგონებიდან ვინმემ თუ ამოიცნო საკუთარი თავი?
– არ ვიცი, ალბათ ერთმანეთს აბრალებენ, შენ ხარო. ისე, ხშირად უთქვამთ, აი, ეს არის ეგეთი და თან წაიყვანეთო. მაღაზიაში შესული არ ვარ, ერთხმად მეძახიან, მობრძანდიიიით… მგონი, არ უნდა ეწყინოთ, რადგან რეალურად ქართველები ძალიან თავაზიანები არ ვართ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ერს ღიმილი გვაკლია. ბევრი მინახავს, ვინც ამ გოგონების სიტყვებზე ღიზიანდება. მართლა
რთული სამუშაოა, წარმოიდგინეთ, ვიღაცას უნდა ეხვეწო, თან ზოგი ძალიან უტაქტოდ პასუხობს.

– “მარეხ თოდუა გასვენებაში” – ეს სკეტჩი ძალიან პოპულარული გახდა. ფრაზები “გემრიელად იტირეთ”, “ძაღლი ყოფილა ადამიანი”, მიცვალებულის თაიგულის სროლა, როგორც ქორწილებში ხდება, სოციალურ ქსელში ბევრმა აიტაცა…
– ვცდილობთ, მრავალფეროვნებისთვის რამდენიმე სტილის სკეტჩი გავაკეთოთ. სხვათა შორის, დიდი შანსია, რომ ეგეთი რაღაცები ჰქონდეს იმ ადამიანს გაკეთებული. მგონი, სწორად ვხვდები რაღაცებს (იცინის).

– ალბათ რთულია გადაღების დროს სიცილისგან თავის შეკავება…
– მაგის სპეციალისტი ვასო ფხაკაძეა, თუ სიცილი დაიწყო, ვეღარ ჩერდება. ერთხელ სამორი ბალდეს მამის როლში რომ იყო, რეკორდი დაამყარა და ოცი წუთი იცინოდა, გადაღებას ვერ ვაგრძელებდით. ახალი სერიალის გადაღება დავიწყეთ – “ვნებების ჭუჭრუტანაში”, სადაც ვასო თავს ვერ იკავებს და სულ ეცინება.

– შენი გმირი მარეხი სიგარეტს სარეცხის გასაფენი “შპილკით” ეწევა…
– ეგ ხომ იცით, რას ნიშნავს, თითებზე რომ ნიკოტინის სუნი არ აუვიდეს (იცინის). მაგ გოგოს “წიკები” აქვს, რაღაცები ეზიზღება. მეგობარს ვერ გადაკოცნის, შეიძლება შეეზიზღოს. განა რამე პრობლემა აქვს, უბრალოდ… მისი გვარი არსებულია, სახელი შევცვალეთ, მაგის პროფესიონალი თათია სულუაშვილია. ისეთ სახელებს იგონებს, საიდან მოაქვს, ვერ ვხვდები, სტანგერი, ჯოტო…

– წეღან ახსენე სერიალი “ვნებების ჭუჭრუტანაში”, სადაც შენი გმირი შავკაბიანი ქალბატონი ასევე პოპულარულ სახედ იქცა.
– ცხოვრებაში ანხელა ჩუსტია, მაგრამ სერიალში მის გმირს ჯოვანა კესარია ტარიანი ჰქვია. სერიალისთვის ძლიერი დიასახლისი დაგვჭირდა, ბოროტი გამოხედვით. ქალები გვაკლია და ვისზე შეჩერდებოდა არჩევანი, თუ არა ჩემზე. მაგის სპეციალისტი მე ვარ. ეგ შავი კაბა უკან არ მეკვრება, უბრალოდ არ ვაჩენ, მაგრამ ახლა სხვა უნდა ვიშოვო. ადრეც დავიწყეთ სერიალი, იგივე ხალხი ვთამაშობდით, მაგრამ სკეტჩები შინაარსით ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. მესამე სერია რომ გადავიღეთ, მაყურებლის ნაწილმა თქვა, შინაარსს ვერ მივხვდითო. როგორც აღმოჩნდა, ვიღაცები დასხდნენ, სერიოზულად უყურეს და შემდეგ სერიებს დაელოდნენ. ახლა პირიქით გავაკეთეთ, ერთი სიუჟეტური ხაზი აქვს და მომდევნო სერიებიც უკვე გაწერილია. ჯოანას “ფეისბუქზე” საკუთარი გვერდიც კი გაუხსნეს, ისეთი პოპულარულია.

Image

– პოპულარობა არც მანამდე გაკლდა, თუმცა ამ როლებით თითქოს ახალი ტალღა წამოვიდა.
– ქუჩაში იმ გმირების ფრაზებს მეძახიან, რომელთაც იმ დროს ვასახიერებ. ყველაზე სასაცილო იყო მემწვანილე ქალი, რომელმაც ერთხელ დამიძახა: ვაა, ჩემი დედას ვფიცავარ (იცინის). ახლაც რაღაცებს მეძახიან, თუმცა უკვე ვეღარ ვიგებ, მე მეძახიან თუ სხვებს.

– სოციალურ ქსელში შენზე ასეთი შეფასება წავიკითხე: “მიშას ყველაზე მეტი როლი აქვს შექმნილი “კომედი შოუს” ისტორიაში და ყველა წარმატებული…”
– მე ტყუილად არ ვქმნი, თუ ვაკეთებ, კარგად ვაკეთებ. ასეთი მიდგომა მაქვს (იცინის). რა ვიცი, მადლობა კომპლიმენტისთვის. საერთოდ, “კომედი შოუს” კოზირი ესაა. ათი წელია, რაც გადაცემას ვაკეთებთ და ყველა ეტაპი გავლილი გვაქვს. როცა გვიფიქრია, რომ კრიზისია და რა უნდა ვქნათ, ველოსიპედს თავიდან ვერ მოიფიქრებ, სწორედ პერსონაჟები აცოცხლებს ამ გადაცემას. ხშირად უნდა იარო ხალხში, რაც ჩვენ გვაკლია.

– თუმცა ბევრი ახალი სახე დაიმატეთ. პრეზიდენტის საუკეთესო პაროდისტი გყავთ…
– ჩემი აზრით, მიშას ახალ პაროდისტს პროფესიონალურად აქვს შესწავლილი ყველა დეტალი. ადამიანს ნამუშევარი აქვს, იშრომა და გაიზარდა…

– დასასრულ, “კომედი შოუს” რეიტინგზეც გკითხავ…
– ცოტა ხნის წინ ჩვენმა კონსულტანტმა ჯო სატრიანმა დამირეკა, მიჩ სემელს დაურეკავს, “კომედი შოუს” ბიჭებს ვერ ვურეკავ და ჰკითხე, რა ხდებაო.

– მიჩ სემელი “შაბათის შოუს” გუნდის კონსულტანტია…
– კი, მაგრამ ჩვენს კონსულტანტს იცნობს, ჯო სატრიანს. მიმოწერა აქვთ. სატრიანს უთქვამს, რეიტინგები მოგვწონს, კარგია, მაგრამ მაინც არ ვაქვეყნებთ, ხალხს იუმორი და სიცილი უფრო აინტერესებს, ვიდრე რეიტინგებიო. ამაზე მიჩ სემელს ტელეფონი გაუთიშავს, ეტყობა, რაღაც არ მოეწონა.

– ამას დავწერ, მიშა…
– აბა, რა, იმიტომ გეუბნები, რომ დაწერო.

– ამ ეტაპზე თქვენს კონკურენტად ვინ მიგაჩნიათ?
– კონკურენციის შეგრძნება თუ არ გაქვს, მაშინ გაგიჟებული ხარ და შენს საქმეს კარგად ვეღარ აკეთებ. ნებისმიერი იუმორისტული გადაცემა, მომწონს თუ არ მომწონს, ჩვენი კონკურენტია.

– დასასრულ, შენი და თამუნა ლეკვეიშვილის დუეტ “ჰოთ კომპოტზეც” გკითხავ, რა გეგმები გაქვთ?
– როგორც იქნა, როკი შევაგდე “კომედი შოუში”. ეს არის 90-იანი წლების გახსენება. ახლა შოუბიზნესში ძალიან პოპულარულია ქავერვერსიები და ჩვენც ეს მიმდინარეობა ავირჩიეთ. ოღონდ ეს ის “ფანოღები” კი არ არის, ახლა რომ მღერიან რესტორნებში, ჩვენ კლასიკური “ფანოღები” ავირჩიეთ და სერიოზულად მივყვებით. მალე ალბომსაც გამოვუშვებთ და რაც მთავარია, ცოცხლად ვასრულებთ, ინსტრუმენტებზეც თავად ვუკრავთ.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/masmedia/74963-vin-aris-misha-andghuladzis-popularuli-gmiris-prototipi.html#ixzz2PWeDzNiI

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: